T a o T o u r

სამშაბათი, 19.03.2024, 14:28

მოგესალმები სტუმარი | RSS | მთავარი | იმერეთის მხარე | რეგისტრაცია | შესვლა

                                          
იმერეთის მხარე 
 მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია იმერეთის ტერიტორიას. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-IM. იმერეთის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები: 

1.ქალაქი ქუთაისი; 
2.ვანის რაიონი; 
3.ბაღდათის რაიონი; 
4.ზესტაფონის რაიონი; 
5.თერჯოლის რაიონი; 
6.სამტრედიის რაიონი; 
7.საჩხერის რაიონი; 
8.ტყიბულის რაიონი; 
9.ჭიათურის რაიონი; 
10.წყალტუბოს რაიონი; 
11.ხარაგაულის რაიონი; 
12.ხონის რაიონი.


მხარის ფართობი შეადგენს 6552 კვ.კმ–ს, მოსახლეობა 700 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე – 108 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ქუთაისი. მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
 ქალაქი - 10: ქუთაისი, ვანი, ტყიბული, წყალტუბო, ჭიათურა, ბაღდათი, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია, საჩხერე, ხონი; 
დაბა – 3: შორაპანი, კულაში, ხარაგაული; 
სოფელი - 529.

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

                        ბაგრატის ტაძარი
ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. 
ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში
ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.
ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს.
მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს. შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა.
ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას.

      გელათის მონასტერი 
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი. ეკლესიისათვის სხვადასხვა დროს მიუშენებიათ: დასავლეთ მხარეს - სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან კი ეკვდერები. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35 მ x 36 მ სიმაღლე 34 მ-მდე. გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორატიული თაღედებით და თითქმის სრულიად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით.
მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით, XII საუკუნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. შიგნიდან კედლები დაფარულია XVI საუკუნის მოხატულობით. მთავარი ტაძრიდან 9 მ-ზე აღმართულია XIII-XIV საუკუნეების წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ-დასავლეთით XIII საუკუნის სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი - თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური - წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსია, ხოლო სულ ზემოთ - სამრეკლო.
გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართობი დაახლოებით 300 მ²) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია. მოგვიანებით შუა შესასლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა
.
 გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით, მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლოს მდებარეობდა სამეფოს პოლიტიკურ ცენტრთან - ქუთაისთან, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვა. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა.
გელათის მონასტერი ერთ-ერთი მდიდარი ფეოდალური სენიორია იყო. მის მფლობელობაში ითვლებიდა ვრცელი მიწა-წყალი. მეურნეობაში წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა
XII-XV საუკუნეებში გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი. მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII საუკუნის II ნახევარსა - XV საუკუნეში ქვეყნის პოლიტიკური-ეკონომიური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდალური საადგილმამულო ბრძოლები) გელათის მონასტრის ეკონომიური და კულტურული ცხოვრება შეფერხდა. მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV საუკუნის II ნახევარი) შემდეგ გელათის მონასტერი დასავლეთ საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წლის 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო და საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს - კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის "მეორედ აღმშენებელს" უწოდებდნენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. XVI საუკუნის 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გელათის მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკური-მორალური და ეკონომიური მდგომარეობა. XVI საუკუნის II ნახევარში დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII საუკუნიდან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII საუკუნის დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს.
იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გელათის მონასტერი საეკლესიო სენიორიიდან სახელმწიფო დაწესებულებად - შტატის მონასტრად იქცა.
ჯერ კიდევ XII საუკუნეში, დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიმისძე, პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557-1578), ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა. 
 

  ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით.1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

სათაფლიას კარსტული მღვიმეები
მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრის დაცილებით, კავკასიონის ქედის ქვემო კალთებზე, ზღვის დონიდან 500მ სიმაღლეზე და სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის ნაწილია. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდებური ნიმუშებით, რამდენიმე კარსტული მღვიმე და დინოზავრის ნაკვალევი.
ნაკრძალში 5 კარსტული მღვიმეა, ამათგან მხოლოდ ერთი №1 მღვიმეა საექსკურსიოდ გამოყენებული. პირველი მღვიმე 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს. მღვიმის საერთო სიგრძე 600 მეტრია, სიმაღლე-სიგანე 15/5 მ. მღვიმეში თერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს.
ჩასასვლელშივე ყურადღებას იპყრობს წყლის ჩხრიალი, რომელიც იქვე ხელმარცხნივ ბნელი ყელიდან მოისმის. ეს ის ბუნებრივი ხვრელია საიდანაც ჭაბუკიანი პირველად შემოვიდა ამ მღვიმეში. ხოლო კიბეები და თანამედოვე შესასვლელი ხელოვნურადაა შემდეგ გაკეთებული. ამ პატარა მდინარემ, რომელიც სათავეს მღვიმიდან 200 მ-ის დაშორებით იღებს, 30 მილიონი წლის განმავლობაში გამოკვეთა ეს მღვიმე. მარჯვნივ და მარცხნივ სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. 50-იოდე მეტრში განთავსებულია უზარმაზარი დარბაზი, რომელსაც პირობითად №1 დარბაზი ეწოდება. მისი სიმაღლე 15 მ. ხოლო სიგრძე 35 მ. დარბაზის ცენტრში აღმართულია დიდი ზომის სოკოსებური სტალაგმიტი და მოქმედი სტალაქტიტი, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.
პირველი დარბაზის დასასრულს და მეორეს დასაწყისში მოჩანს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების მტევნისებრი, სოკოსებრი, ბოლქვისებრი, ნაოჭა ფორმები, კედლის მოფარდაგებები. სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს, რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა შთაბეჭდილებას ტოვებს.
მეორე დარბაზი პირველთან შედარებით მცირეა. ბოლო მესამე დარბაზში კი განლაგებულია მღვიმის ჩანჩქერი, რომელიც ათმეტრიან ჭაში ვარდება. ჭის ფსკერზე იქმნება პატარა ტბა, საიდანაც წყალი გაედინება ქ. ქუთაისის მხარეს, მდინარე ოღასკურას სახელწოდებით.

                                                          კაცხის სვეტი

კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია (დღეისათვის ისინი ნანგრევების სახითაა შემორჩენილი). ასეთ ადგილებში სამლოცველოების აგებას მკვლევრები უკავშირებენ მესვეტეობას, რომელიც VI საუკუნეში გავრცელებული იყო ქინა აზიასა და, უპირველეს ყოვლისა, სირიაში, რომელთანაც ქრისტიანულ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. ერთი ეკლესია (V ს.) მშრალადაა ნაშენი ადგილობრივად მოპოვებული უხეშად დამუშავებული ქვით, აფსიდი კლდეშია გამოკვეთილი. მეორე (VI ს.) ნაგებია ქვემოდან აზიდული კარგად გათლილი კვადრებით, აქვს კრიპტა (ქვედა სართული - სამარხი). არავინ იცის ზუსტად როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, მაგრამ ვახუშტი ბატონიშვილის დროს აქ ბერები აღარ მოღვაწეობდნენ. კაცხის სვეტის არქიტექტურული ძეგლები 1944 წელს ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მთასვლელთა ჯგუფმა ინახულა. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე შეუძლებელია, თუმცა უკვე მიმდინარეობს ასასვლელის მშენებლობა, რაც უახლოეს მომავალში ნებისმიერ მსურველს მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს ამ იდუმალ ისტორიულ ძეგლს.

შესვლის ფორმა

ძებნა

Counter

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
MYTOP.GE