პარასკევი, 02.06.2023, 03:50
![]()
მხარის ფართობი შეადგენს 11.310 კვ.კმ–ს, მოსახლეობა — 407 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ–ზე — 36 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი. მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი — 9: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი; სოფელი — 276. ![]() ![]() ღირშესანიშნაობები: მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი და საკათედრო ტაძარი, ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის რაიონი), თელავიდან 20 კმ-ზე. ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი. ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენრები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები. ![]() ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. ![]() ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში ისტორიულ კუთხეში, გარეჯის კლდოვან მთებში. კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით. დავითის ლავრა გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო. დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა. გარკვეულ პერიოდში მონასტერთა რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება "გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი" შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდებარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თერთრსენაკები, დოდოს რქა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჯა, პირუკუღმარი, პატარა ქვაბები. დავითგარეჯის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII საუკუნის დასაწყისში დავით IV აღმაშენებელმა დავითგარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია,ხელს უწყობდა მათ დაწინაურებას. მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელმწიფო გადასახადებისაგან. 1265 მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა დავითგარეჯა და მისი მიდამოები. XIV საუკუნის I ნახევარში, გიორგი V ბრწყინვალის მეფობაში, დავითგარეჯა მძლავრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრად იქცა. მონასტერთა მესვეურნი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზის მუშაობაში და ქვეყნის საეკლესიო საქმეთა მართვაში. XIV საუკუნის ბოლოს თემურლენგის მრავალგზის ლაშქრობების დროს, სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 ალექსანდრე I-მა დიდმა დავითგარეჯა მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. 1616-1617 სპარსელთა ლაშქარმა დაარბია, მონასტრები გაუქმდა. 1639 თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება XVIII საუკუნეში დავითგარეჯა კვლავ მეფის ხელდებული გახდა. მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები, იქ მოსახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. დავითგარეჯის მონასტრებმა XIX საუკუნის დასასრულამდე იარსება. დავითგარეჯის სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტურულ-პოლიტიკური აღმავლობის დროს, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მიაღწია. დავითგარეჯში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა. ამ პერიოდის დავითგარეჯის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად თავი იჩინა დიდებულებამ, გრანდიოზულობამ, ინტერესმა ფართო, თავისუფალი სივრცისადმი. შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა მთავარი ეკლესიებისა და საერთო სატრაპეზოების კედლების მოხატულობა. დავითგარეჯის მხატვრობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქტიტორთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები, მ.შ. საქართველოს მეფეთა პორტრეტები (თამარ მეფე და მისი ძე გიორგი IV ლაშა - ბერთუბნის ეკლესია, ამჟამად - ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი; მეფე დემეტრე II თავდადებული - უდაბნოს მონასტრის ხარების ეკლესიის მოხატულობა). ქტიტორთა პორტრეტები ზომით ბევრად ჭარბობს რელიგიური პერსონაჟების გამოსახულებებს, რაც მოწმობს ქართველი ოსტატის დამოუკიდებლობად ბიზანტიური ხელოვნების მიერ დაკანონებული სქემებისაგან. აღსანიშნავია ბერთუბნის სატრაპეზოს მოხატულობა, რომელიც საზეიმო და დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. უდაბნოს მთავარ ეკლესიაში გამოსახულია სცენები დავით გარეჯელის ცხოვრებიდან ასევე საინტერესოა უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიის აფსიდის მოხატულობაც, რომელიც გამოირჩევა მეტყველი სახეებით და დინამიკურობით. ![]() ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ. ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობდა 1939-1949 (ხელმძღვანელი ა. მამულაშვილი) და 1963-1967 (ხელმძღვანელი პ. ზაქარაია). ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან: 1.მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, 3-სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი (საწნახლიანი მარანი, ლითონის მცირე ზომის ნივთების დასამზადებელი ქურა). ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისაკენ. 2.სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აგურით ნაგები აბანო და სხვა. 3.სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა გეგმით სწორკუთხა დახურული ბაზარი (ქულბაქები) და სასტუმრო (ქარვასლა). ბაზარი ოთხივე მხრიდან შემოფარგლული იყო ქვით ნაგები კამაროვანი დუქნების რიგით, შუაში მცირე ეზო ჰქონდა. ყოველი დუქანი (ფართობი დაახლოებით 10 მ²) შედგებოდა ერთი ოთახისა და ეზოსკენ გახსნილი აივნისაგან (ალბათ საქონლის გამოსაფენად). ზოგ დუქანს სარდაფიც ჰქონდა. ოთხივე რიგში 30 დუქანი აღმოჩნდა. დუქნები სხვადასხვა სამიანობისათვის იყო გამიზნული. ქულბაქებს აღმოსავლეთიდან ეკვროდა მოგრძო სწორკუთხა ფორმის (სიგრძე 80 მ) სასტუმრო, რომელშიც კორიდორის ორივე მხარეს განლაგებული იყო 16-16 პატარა სათავსი. ამავე უბანში გაითხარა აბანო, რომელიც გრემში ჩამოსული უცხოელებისათვის ყოფილა განკუთვნილი. აბანოს მილებში შემორჩენილი დიდი რაოდენობის ნალექის მიხედვით სავარაუდოა, რომ აბანოს იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. გრემი წყლით მარაგდებოდა XVI საუკუნეში მდინარე ლოპოტიდან გამოყვანილი არხის საშუალებით. ნაქალაქარი დასერილია სასმელი წყლის კერამიკული მილების ქსლით. კომუნალური დანიშნულების წყალი პატარა არხებით შემოდიოდა, ხოლო დიდი არხით ქალაქის მიდამოები ირწყვებოდა. ქალაქის დასავლეთ ნაწილში იყო გალავანშემორტყმული აგურის ეკლესია ე. წ. „თარსა გალავანი“ (აგებულია XVI საუკუნეში). გათხრებით მოპოვებულ მასალაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმპორტულ (სპარსული, ჩინური) კერამიკას ![]() ისტორიული ქალაქი კახეთში, ახლანდელ ყვარლის რაიონში, სოფ. შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ. წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ასურელი მამათგანი - აბიბოსი. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო (იარსება XIX საუკუნამდე). ნეკრისს იმთავითვე მიეცა დიდი მნიშვნელობა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიონის მთიანეთზე. ნეკრესის საეპისკოპოსოს ეპარქიაში, შედიოდა არა მხოლოდ გაღმამხარი, არამედ დაღესტნის ნაწილიც (დიდოეთი). ნეკრესში გაჩაღებული იყო კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა. ნეკრესელი მღვდელმთავრები (დოსითეოს ჩერქეზიშვილი, ზაქარია მიქაძე, XVIII ს., პოეტ-დიაკონი მოსე, XIX ს. და სხვა) იღვწოდნენ სამწერლო ასპარეზზეც. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. იგი გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის სამკუთხეველი სამნაწილინია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდის შესასვლელებია. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გ. ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანის ყველაწმინდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას 3 მხრიდან გარსშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთით და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა. ![]() ![]() ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. |
საიტის მენიუძებნაCounterსაიტის მეგობრებისტატისტიკასულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |