სამშაბათი, 08.10.2024, 05:51
1.ქალაქი სოხუმი; 2.გაგრის რაიონი; 3.სოხუმის რაიონი; 4.გუდაუთის რაიონი; 5.გულრიფშის რაიონი; 6.გალის რაიონი; 7.ოჩამჩირის რაიონი. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განახორციელა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმა, რის შედეგადაც ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიების ნაწილის ხარჯზე შექმნა ტყვარჩელის რაიონი. სოხუმი ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი და სოხუმის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848 წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.
1992-1993 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 სექტემბერს, რუსულმა ჯარმა, ადგილობრივ სომეხ და ჩრდილო-კავკასიელ მოხალისეებთან ერთად, შტურმით აიღო სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10.000-ზე მეტი შენობა. სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურს შორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობი 23,3 კმ². ისტორიული ცნობა ქალაქის ძველი სახელწოდება ცხუმი (აქედან თურქიზებული ფორმა სუხუმ-სოხუმ), აფხაზური სახელწოდება - აყუა. სოხუმის მიდამოები დასახლებულია ძველი ქვის ხანიდან. გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი პუნქტია. ძვ. წ. VI საუკუნეში მილეთელმა ბერძენმა ვაჭრებმა აქ სავაჭრო ფაქტორია დიოსკურია დააარსეს. ძვ. წ. I საუკუნეში რომაელებმა დაიპყრეს, შემდგომში ააგეს ციხესიმაგრე და ქალაქს სებასტოპოლისი უწოდეს. VI საუკუნის დასაწყისში სოხუმი ბიზანტიის გამგებლობას ემორჩილება. 542 ირან-ბიზანტიის ომის დროს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-მა გაიყვანა ჯარები სოხუმიდან და დაარღვია მისი სიმაგრე. 565 მანვე აღადგინა ქალაქი და ციხესიმაგრე. სოხუმი კვლავ დაწინაურდა. VIII საუკუნის ბოლომდე სოხუმი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბიზანტიელთა ერთ-ერთი საყრდენი პუნქტი იყო. 736 ქალაქი დაარბია არაბთა ლაშქარმა მარვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუ) სარდლობით. VIII საუკუნის ბოლოდან სოხუმი ცხუმის საერისთავოს ცენტრია. აქვეა საეკლესიო კათედრალი, საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო ძლიერების ხანაში (XI-XIII სს.) სოხუმი კვლავ აყვავებას განიცდის. XIV საუკუნის დასაწყისიდან გენუელები (იტალია) სავაჭრო ფაქტორიას აარსებენ. 1451 ქალაქი მცირე ხნით ოსმალებმა აიღეს. მეორედ ოსმალებმა ქალაქი აიღეს XVI საუკუნის II ნახევარში. ლამაზი მდებარეობის გამო ოსმალები სოხუმს „მეორე სტამბოლს“ ეძახდნენ. სოხუმი აფხაზეთში ოსმალთა ბატონობის დასაყრდენი გახდა. 1724 ოსმალებმა აქ არსებული ციხესიმაგრე კიდევ უფრო გაამაგრეს და სუხუმ-კალე (სოხუმის ციხე) უწოდეს. 1725 და 1728 ადგილი ჰქონდა ანტიოსმალურ აჯანყებებს, მაგრამ ქალაქი ოსმალთა ხელში რჩებოდა. 1771 წელს აჯანყების შემდეგ ქალაქი განთავისუფლდა, მაგრამ მცირე ხნით. ოსმალებმა იგი კვლავ დაიკავეს. XVIII საუკუნის ბოლოს სოხუმი აფხაზეთის მთავრის რეზიდენციაა. ოსმალთა ბატონობის ხანაში ქალაქი დაქვეითდა. იგი ტყვეებით ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი გახდა. 1810 სოხუმი რუსეთის ჯარმა გაათავისუფლა. XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო სოხუმის აღორძინება. 1832 წელს გაიხსნა საბაჟო. 1846 ნავსადგურად გამოცხადდა. 1847 წლიდან ქალაქის სტატუსი მიიღო.
|
საიტის მენიუძებნაCounterსაიტის მეგობრებისტატისტიკასულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |